საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი 09 თებერვალს დაიწყო. სწავლება "ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PFP) პროგრამის ფარგლებში, 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულ კურსზე  ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველ სამხედროებთან ერთად, სწავლებაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და პოლონეთიდან მოვლენილი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

3 კვირის განმავლობაში, კურსის პირადი შემადგენლობა, დაბა ბაკურიანში შეისწავლიან გაუკვალავ თოვლში სრიალს, ზღვის დონიდან 3500 მ სიმაღლეზე თხილამურებით გადაადგილებას, თოვლში თავშესაფრის მოწყობას და ღამის გათენებას, ასევე ჩაბმაში სრიალს, დაზარალებულის ევაკუაციის ხერხებს. კურსი ტარდება პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ. 

კურსის ბოლოს კურსანტებს ჩაუტარდებათ ტესტირება, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში ისინი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს, სამკერდე ნიშნებს და რეკომენდაციას ზამთრის შუალედური კურსისათვის.