სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი 18 იანვარს დაიწყო. სწავლება "ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PFP) პროგრამის ფარგლებში, 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 13 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველ სამხედროებთან ერთად, სწავლებაში თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოვლენილი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი 2 ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი ორფოლოს სასროლეთზე ჩატარდა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებმა მთიან რელიეფზე სხვადასხვა პოზიციიდან დამიზნების და სროლის ხერხები შეისწავლეს. სწავლების ბოლოს მათ ჩაუტარდათ ჩასათვლელი სროლები, სადაც ყველა კურსანტის მიერ ნაჩვენები შედეგი იყო დადებითი.

24 იანვრიდან, 3 კვირის განმავლობაში, კურსის პირადი შემადგენლობა, დაბა გუდაურში მეორე ეტაპს გააგრძელებს, სადაც მოხდება საბაზისო კურსზე შესწავლილი უნარ-ჩვევების დახვეწა. დამატებით, სამხედრო მოსამსახურეები, გაუკვალავ თოვლში სრიალს, ზღვის დონიდან 3500 მ სიმაღლეზე თხილამურებით გადაადგილებას, ჩაბმაში სრიალს, თოვლში თავშესაფრის მოწყობას და ღამის გათენებას შეისწავლიან. კურსის ორივე ეტაპი ტარდება პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ. 

კურსის ბოლოს კურსანტებს ჩაუტარდებათ ტესტირება, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში ისინი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს, სამკერდე ნიშნებს და რეკომენდაციას მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსისათვის.